ნეპალში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი გადადგა

ნეპალში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
წინა დღეს საპროტესტო აქციების დროს ნეპალში 19 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, მაგრამ დემონსტრანტებმა ის არ დაიცვეს და პროტესტს კვლავ პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნეპალის ხელისუფლებამ ქვეყანაში სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ამ აკრძალვით საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მის კოორდინაციას ვეღარ შეძლებენ. 19 ადამიანი პარლამენტის შტურმის დროს დაიღუპა. იერიშის მოსაგერიებლად პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარლამენტის შენობას ხანძარი გაუჩნდა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა, ნეპალის პოლიტიკური მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. ეს ყველაზე სერიოზული საპროტესტო აქციები იყო ნეპალში 2008 წლის შემდეგ, როდესაც საპროტესტო გამოსვლებს მონარქიული მმართველობა შეეწირა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ პროტესტები მაინც არ წყდება. აქციის მონაწილეებმა მთავრობის რამდენიმე წევრის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩინეს, ასევე დაწვეს სახელმწიფო უწყებები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პრემიერის რეზიდენციაში შეიჭრნენ და ის გაძარცვეს.
ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა. აქციის მონაწილეების მიერ გაჩენილი ცეცხლი ფრენების უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეუქმნას.
ნეპალის საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მას „Z-თაობის დემონსტრაციებს“ უწოდებენ. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფცია და მთავრობის მიერ ამ პრობლემის გადაჭრის უუნარობა გახდა.