„ნებისმიერ ასეთ გეგმაში უკრაინა და ევროპა უნდა იყოს ჩართული“ - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აშშ-ის ახალ „სამშვიდობო გეგმაზე“
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა ნებისმიერ ასეთ გეგმაში უკრაინა და ევროპა უნდა იყოს ჩართული.
ამერიკული მედიისთვის გამჟღავნებული აშშ-ის ახალი 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ კომენტირებისას, კალასმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ეს „გადამწყვეტი ამბავიც“ იქნება განხილვის საგანი.
„ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის ვუჭერდით მხარს ხანგრძლივ, მდგრად და სამართლიან მშვიდობას და მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ამისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, მასში უნდა იყოს ჩართული უკრაინა და ევროპა... უკრაინელები და ევროპელებიც უნდა დაეთანხმონ ამ გეგმებს“, - განაცხადა კალასმა.
მან აღნიშნა, რომ ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში არსებობს აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა.
„ჯერჯერობით, რუსეთისგან რაიმე დათმობის შესახებ არ გვსმენია... თუ რუსეთს ნამდვილად სურდა მშვიდობა, მას შეეძლო გარკვეული დროის წინ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ კვლავ ვხედავთ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. რუსული სამიზნეების 93 პროცენტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა - ანუ სკოლები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი შენობები - რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან და რაც შეიძლება მეტი ტანჯვა გამოიწვიონ.
ჩვენ მივესალმებით ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად - მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, საქმე სამართლიან და მდგრად მშვიდობას უნდა ეხებოდეს“, - აღნიშნა კალასმა.