NBC News-ი: ტრამპმა დაამტკიცა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მისმა გუნდმა მოსკოვთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა
„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა რუსეთსა და უკრაინას შორის „მშვიდობის მიღწევის“ 28-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც მისი გუნდი მოსკოვთან კონსულტაციების შედეგად კონფიდენციალურად შეიმუშავა“, - ამის შესახებ NBC News-ი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ცნობით, გეგმაზე მუშაობდნენ ისეთი ოფიციალური პირები, როგორებიც არიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
„გეგმა ორიენტირებულია ორივე მხარისთვის მდგრადი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე. ის მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და რაც სჭირდებათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – ციტირებს წყაროს გამოცემა.
ამერიკელ მაღალჩინოსანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
მისივე თქმით, გეგმის კორექტირება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ამასთან, როგორც NBC News-ი იტყობინება, ე.წ. მშვიდობის შეთანხმების ჩარჩო პირველ ეტაპზე უკრაინელებს უნდა წარედგინოს.
უკრაინის მთავრობასთან დაახლოებული წყარო და ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ უკრაინა გეგმის შემუშავებაში არ მონაწილეობდა; ისინი მხოლოდ მისი მონახაზების შესახებ იყვნენ ინფორმირებულნი.