NBC News: აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდამჭერ პროგრამებს აჩერებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროექტის ინიციატივის განხორციელება უკრაინის ენერგოქსელის აღდგენის შესახებ რუსეთის სამხედრო თავდასხმების შემდეგ. ამის შესახებ NBC News-ი უკრაინაში სააგენტოს მისიაში მომუშავე USAID-ის ორი წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
„ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ადმინისტრაციის შესაძლებლობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ეს სიგნალი იქნება რუსეთისთვის, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს უკრაინა, ან ჩვენი წარსული ინვესტიციები,” - განუცხადა NBC News-ს USAID-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც უკრაინის მისიაშია ჩართული.
„რუსეთი უკრაინაში ორმაგ ომს აწარმოებს: სამხედრო ომს და ეკონომიკურ ომს. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ეკონომიკა, მაგრამ USAID-მა ითამაშა ცენტრალური როლი მის გამძლეობაში, [მათ შორის] ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაში. ჩვენ უკრაინის მთავრობას დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ მაკროეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად“, - დასძინა მან.
USAID-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაფინანსების შეწყვეტა უკრაინის ენერგეტიკულ ქსელს ახალი რუსული რაკეტების იერიშების მიმართ დაუცველს გახდის.
NBC News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ბრძანა, შეწყვიტოს პროგრამა, რომელიც ფინანსური სექტორის რეფორმას ისახავს მიზნად.