Loading data...
NBC News: აშშ მზადაა ომის შემდეგ უკრაინაში დემილიტარიზებული ბუფერული ზონა გააკონტროლოს

„თუ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინაში დიდი ბუფერული ზონის მონიტორინგი განახორციელოს, რათა კიევი მოსკოვისგან დაიცვას, - აღნიშნულის შესახებ NBC News-ი ოთხ პირზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ინფორმირებული არიან იმ გეგმის შესახებ, რომელსაც უკრაინის მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლებიც განიხილავენ. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ბუფერული ზონა იქნება უკრაინის შიგნით არსებული დიდი დემილიტარიზებული ტერიტორია, რომელიც უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს გაყოფს. საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის. 

გამოცემის ცნობით, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამო, შეერთებული შტატები ბუფერული ზონის მონიტორინგში წამყვან როლს შეასრულებს დრონებისა და თანამგზავრების, ასევე სხვა სადაზვერვო ინსტრუმენტების გამოყენებით.

ასევე, გეგმის შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ბუფერულ ზონაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან განთავსებული. 

შესაძლებელია, რომ ამ ზონას იცავდეს ნატოს არაწევრი ქვეყნის ჯარები. 

NBC News-ი აღნიშნავს, რომ ბუფერული ზონის გარდა, უკრაინას სჭირდება გარანტიები, რომ აგრესორი ქვეყანა ვერ შეძლებს მისი ეკონომიკის განადგურებას. 

„ამ მიზნით, თურქეთი პასუხისმგებელი იქნება შავ ზღვაში საქონლისა და მომსახურების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფაზე, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებაზე“, - წერს მედიასაშუალება.