NBC News: აშშ-ის დაზვერვა რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლის მზადყოფნის ნიშნებს ვერ ხედავს
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და ბრძოლის ველზე გამარჯვებას უფრო გადამწყვეტად მიაღწიოს, ვიდრე ოდესმე.
როგორც NBC News-ი იუწყება, კონგრესის წევრებისთვის ამ თვეში წარდგენილი ანალიზის თანახმად, სადაზვერვო სააგენტოები ვერ ხედავენ რუსეთის მხრიდან უკრაინასთან კომპრომისზე წასვლის სურვილის ნიშნებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების მიუხედავად, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ეს შეფასება თანხვედრაშია ამერიკული და დასავლური სადაზვერვო სააგენტოების წინა შეხედულებასთან რუსეთის რეჟიმის პოზიციაზე 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. ახლა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პუტინი „თავის პოზიციაში ჩაეფლო“ უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე, რუსეთის ჯარების უზარმაზარი დანაკარგებისა და ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად.
დაზვერვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის გაფართოებას გეგმავს, რათა ადამიანური და ფინანსური დანაკარგები გაამართლოს.
თავის მხრივ, თეთრმა სახლმა, როგორც ამბობენ, უარი თქვა სადაზვერვო მონაცემების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე და ტრამპის საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით აღნიშნა: „როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი სანქციები რუსეთის ორი უდიდესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ და ის იმედოვნებს, რომ ეს ომის დასრულებას ხელს შეუწყობს. შეერთებული შტატები გააგრძელებს მშვიდობიანი დარეგულირების მხარდაჭერას, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“.
როგორც ევროპელი დიპლომატები და დაზვერვის ყოფილი წარმომადგენლები აღნიშნავენ, ახალი სანქციების, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და ევროპის მხრიდან მზარდი სამხედრო მხარდაჭერის კომბინაციამ საბოლოოდ შესაძლოა, კრემლის გათვლები შეცვალოს.