Loading data...
NBC: აშშ-ში იარაღის რაოდენობის შემოწმებამ მისი დეფიციტი ვერ გამოავლინა

აშშ-ში სამხედრო მარაგების შემოწმებამ, რის გამოც უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდება დროებით შეწყდა, მისი კრიტიკული დეფიციტი არ გამოავლინა. ამის შესახებ NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

NBC-ს ცნობით, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების შეჩერება იყო თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის და მისი მოადგილის, ელბრიჯ კოლბის ცალმხრივი გადაწყვეტილება. ისინი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის ჩართვის შემცირებას და წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებაზე გადართვას ემხრობიან.

„ჰეგსეტმა უკვე მესამედ, საკუთარი ინიციატივით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. წინა ორ შემთხვევაში თებერვალსა და მაისში, მისი ეს ქმედებები რამდენიმე კვირაში გააუქმეს“, - იუწყება NBC News.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის შეფასებით, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელება აშშ-ის ბრძოლისუნარიანობას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

2 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას და სხვა ქვეყნებს სამხედრო დახმარება შეუჩერა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პენტაგონში შემოწმება ტარდება, თუ რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ ქვეყნისთვის გაწეული სამხედრო დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა.

უკრაინა, თავის მხრივ, შეიარაღების მიღების ახალ გზებს ეძებს. კიევმა მიმართა აშშ-ს, რომ ევროპულ ქვეყნებს ამერიკული შეიარაღების შეძენის უფლება მისცეს, რათა შემდეგ ეს იარაღი უკრაინას გადაეცეს.