Loading data...
ნავროცკი: პოლონეთსა და უკრაინას შორის გადაუჭრელი საკითხები არსებობს

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და უკრაინას შორის არსებობს „გადაუჭრელი საკითხები“, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ მან RMF24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ნავროცკის ასევე ჰკითხეს, იქნება თუ არა 2025 წლის დასასრული პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში „ახალი დასაწყისი“.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ასეა. პრეზიდენტ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტი იმის დასტურია, რომ უკრაინა პოლონეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნავს. ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესი რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოქმნილ საფრთხესთან გამკლავებაში ნათელია - და ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საკითხთაგან, რომელიც გვაერთიანებს მე, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და ამჟამინდელ მთავრობას“, - უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თუმცა, მისი თქმით, ახალი დასაწყისი „პარტნიორობას“ უნდა ნიშნავდეს.

„ეს პარტნიორობა აშკარაა პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემს კონტაქტებში, თუმცა პირველად გამოითქვა პოლონეთის კონკრეტული მოლოდინებიც უკრაინასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოვალეობაა, „პოლონელი ხალხის სახელით ისაუბროს, მიუხედავად იმისა, ეხება ეს უკრაინას, გერმანიას, თუ ისრაელს“.

„უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობაში არის გადაუჭრელი საკითხები და ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, მოვითხოვ, ისინი მოგვარდეს“, - დასძინა მან.