Loading data...
ნავროცკი ბუდაპეშტთან ურთიერთობებზე: უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, ჩვენ გვიყვარს უნგრელები, მაგრამ გვძულს პუტინი

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი პერემიშლში თავის უნგრელ კოლეგას ტამაშ შუიოკს შეხვდა და პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვა.

როგორც ნავროცკის ოფისის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა პოლონეთ-უნგრეთის მეგობრობის დღეს მიეძღვნა. 

უნგრეთის პრეზიდენტთან საუბრისას ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი აფასებს ბუდაპეშტთან ურთიერთობებს, თუმცა მას ყველაფერში არ ეთანხმება. კერძოდ, მისი თქმით, ეს ეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, რომელსაც ვარშავა ეგზისტენციალურ საფრთხედ, ხოლო რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავედ მიიჩნევს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. პოლონეთისთვის პუტინი და რუსეთის ფედერაცია ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. პოლონელებს უყვართ უნგრელები და სძულთ პუტინი, რომელიც ომის დამნაშავეა. თუმცა, სახელმწიფოები აკეთებენ თავიანთ დიპლომატიურ არჩევანს“, - განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ, მისი აზრით, პუტინი საფრთხეს წარმოადგენს ევროპული იდეისთვის, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის და ევროკავშირისთვის.

ნავროცკის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი დღეს, 23 მარტს, ბუდაპეშტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარსინ პშიდაცმა განაცხადა, რომ კაროლ ნავროცკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.