ნავალნის მოწამვლით გარდაცვალების დადასტურების შემდეგ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ზომების მიღებას ითხოვს
დიდი ბრიტანეთი მოითხოვს ზომების მიღებას მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნების ჯგუფთან თანამშრომლობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამვლით გარდაიცვალა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა „საშუალებები, მოტივი და შესაძლებლობა“, რომ იშვიათი შხამი გამოეყენებინა პატიმრობაში მყოფი ოპონენტის წინააღმდეგ.
„ევროპელი მინისტრების ჯგუფმა ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას აცნობა, რათა მათ გამოიძიონ საქმე, რადგან ჩვენ ამას ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო წესებისა და კონვენციის აშკარა დარღვევად მივიჩნევთ. ამიტომ გვსურს, ვიხილოთ ქმედებები, გარკვეული პასუხისმგებლობის აღებით“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია დიდ ბრიტანეთს, მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს „კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“.
ინფორმაციისთვის, 14 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ამის უკან კი, დიდი ალბათობით, რუსეთის მთავრობა დგას.