Loading data...
ნაუსედა: რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების გამოყენება მიზანში ზუსტი გარტყმა იქნებოდა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი სანქციების ახალი პაკეტის განხილვისას მეორად სანქციებსაც შეიტანდა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს მათ გვერდის ავლაში ეხმარებიან, ეს „ათიანში გარტყმა“ იქნებოდა.

ამ კონტექსტში ნაუსედამ გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც „ყურადღება მეორად სანქციებზე გაამახვილა“.

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც მეორად სანქციებზე მიუთითა. ჩვენი სანქციები შეიძლება ეფექტური ყოფილიყო — ვსაუბრობ ევროკავშირის სანქციებზე — მაგრამ მათი სისუსტე ყოველთვის მეორად ეფექტში ვლინდება — სახელმწიფოები, რომლებიც ამ სანქციების გვერდის ავლას ეხმარებიან“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს.

„მეორადი სანქციების გამოყენება ნამდვილად მიზანში ზუსტი გარტყმა იქნებოდა“, - დასძინა მან.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენის გადადების შესახებ საუბრისას ნაუსედამ აღნიშნა, რომ მიზანია, სანქციები კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

„ევროკომისიამ ერთი წუთის პაუზა აიღო, რათა სანქციების მე-19 პაკეტი კიდევ უფრო ეფექტური გაეხადა და აშშ-ის წინადადებებთან შესაბამისობაში მოეყვანა“, - განაცხადა მან.