ნაუსედა ისრაელის პრეზიდენტს: შიმშილი არ შეიძლება პოლიტიკური, ან სამხედრო ბრძოლის ინსტრუმენტი იყოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მიიღო და ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის სასწრაფოდ გადაჭრისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
ჰერცოგის ვიზიტი ლიეტუვაში ხდება იმ ფონზე, როდესაც იზრდება საერთაშორისო კრიტიკა ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მიმართ, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
„ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა ტრაგიკული რჩება. მოვუწოდებ ისრაელს, მიიღოს სასწრაფო ზომები ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა ისრაელელ კოლეგასთან ერთად განიხილა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა.
„ისრაელი ამ სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია. თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელი და ძალიან დასაფასებელია. თუმცა დღეს ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ რთული და უაღრესად მგრძნობიარე გლობალური პრობლემები“, - აღნიშნა მან.
შეხვედრის დროს ნაუსედამ მოუწოდა ისრაელს, მიიღოს სასწრაფო ზომები ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების სათანადო ხელმისაწვდომობა და განაწილება ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„შიმშილი არ შეიძლება პოლიტიკური, ან სამხედრო ბრძოლის ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა ღაზას სექტორში, ამავდროულად, დაგმოს ძალადობა დასავლეთ სანაპიროზე და დასახლებების უკანონო გაფართოება“, - განაცხადა ნაუსედამ.
გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს „ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და არა პირიქით“.
აღსანიშნავია, რომ ჰერცოგის ლიეტუვაში ვიზიტის დროს ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ლიეტუვური კომპანიების ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის „თანამშრომლობს“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის „მოგვარების“ მიზნით.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ღაზას სექტორში, სადაც ხალხი შიმშილით იტანჯება, ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა.