Loading data...
ნატოში უკრაინის ახალმა ელჩმა განაცხადა, რომ კიევი ალიანსის წევრობაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ თავად ნატო გაქრება, ან განადგურდება

ნატოში უკრაინის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ალენა გეტმანჩუკმა განაცხადა, რომ კიევი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს, თუ თავად ნატო გაქრება, ან განადგურდება. ამის შესახებ გეტმანჩუკმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

გეტმანჩუკმა აღნიშნა, რომ ალიანსში წევრობა უმოკლესი და ყველაზე გასაგები გზაა, მათ შორის აგრესორისთვისაც, რათა საბოლოოდ დააფიქსიროს უკრაინა ევროატლანტიკურ კოორდინატთა სისტემაში და ამით გაანადგუროს აგრესორის მტკივნეული ფანტაზიები იმპერიის აღდგენის შესახებ.

„სწორედ ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინას შეუძლია, პოტენციურად უარი თქვას ნატოს წევრობის ამბიციაზე, იქნება თავად ნატოს არარსებობა, ან მისი განადგურება შიგნიდან, ან გარედან იმ დონემდე, რომ ალიანსი უბრალოდ აღარ იქნება მიმზიდველი და საინტერესო უკრაინელებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამავდროულად, გეტმანჩუკმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს არ მოხდება.

„დიახ, ალიანსი, ისევე, როგორც უკრაინა, დღეს გარდამტეხ მომენტშია. შესაძლოა, ნატოში, უკრაინისგან განსხვავებით, ზოგჯერ უფრო მეტად არ ესმით, რომ ეს მომენტი მათთვის ისეთივე ეგზისტენციალურია, როგორც უკრაინისთვის. და მით უმეტეს, ზოგჯერ არ არის გააზრებული, რომ ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ფუნქციონირებს, რაც არ უნდა ცდუნება იყოს მისი პომპეზურად დამარხვა“, - აღნიშნა გეტმანჩუკმა.