ნატოში აშშ-ის ელჩი: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციების აღსრულებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ნავთობინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული ახალი, მკაცრი სანქციების აღსრულებას გეგმავს, რამაც „ლუკოილი“ აიძულა, თავისი აქტივები გაეყიდა. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აიძულონ, უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ჩვენ დავაწესეთ ეს სანქციები და ვაპირებთ მათ აღსრულებას“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა უიტაკერმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ სანქციების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა, თუმცა ბაზრის რეაქცია შენელებული იყო იმის გამო, რომ გაურკვეველი იყო, რამდენად სერიოზულად აპირებდა თეთრი სახლი სანქციების აღსრულებას - იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ადრეც მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდა ომის პირველივე დღეებიდან.
„შესაძლოა, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ეს ომი დაასრულოს, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტით დაწყებული, რათა საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შედგეს“, - აღნიშნა უიტაკერმა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია: „პრეზიდენტ ტრამპს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ეს მხოლოდ ერთ-ერთია. მას კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს წინ“.