ნატოში აშშ-ის ელჩი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს
„შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესახებ შეთანხმების დადება, სავარაუდოდ, ამ ზამთრამდე ვერ მოესწრება“, - აცხადებს ნატოში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი.
უიტაკერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს, რომლებიც ექსპორტის თვალსაზრისით მკაცრად კონტროლდება. თუმცა არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა, რომელიც აშშ-ს შეუძლია უკრაინასთან ერთად გამოიყენოს.
„ჩვენ ვმუშაობთ ზოგიერთ ამ შეთანხმებაზე. იცით, ჯერჯერობით გამოსაცხადებელი არაფერია. წარმოების გრძელვადიან კონტრაქტებს ამ ზამთრამდე ვერ განახორციელებენ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Financial Times-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა უკრაინას უფლებას, აწარმოოს რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
„ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.