Loading data...
ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი: უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე მიიჩნევს, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის პოტენციური განლაგების დეტალების საკითხის წამოწევა ნაადრევია. ამის შესახებ მან Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დრაგონეს თქმით, უკრაინაში უცხოური ჯარების პოტენციური ყოფნა „საერთაშორისო პოლიტიკისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების ნაწილია“, თუმცა ნატოს შიგნით ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი დისკუსია არ გამართულა.

„ეს ჯერ ნაადრევია. ვიცით, რომ კონტინგენტების განთავსების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოაყენეს, შესაძლოა ორმხრივ დონეზეც კი. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ საწყის დონეზეა“, - განაცხადა ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ.

ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში უცხოელი მოკავშირე ჯარების განლაგების პირობები უნდა განისაზღვროს პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიებით.

„მაგალითად: ადგილზე ვინ გადაწყვეტს, დაარღვიეს თუ არა შეთანხმება რუსებმა ან უკრაინელებმა? რომელი ტერიტორიის დაცვა უნდა მოხდეს? ჯარისკაცებმა მხოლოდ დაკვირვება უნდა აწარმოონ თუ დაცვის ფუნქციაც უნდა ჰქონდეთ? და თუ ეს ასეა, მაშინ რა სახის იარაღით? ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული არაფერია“, - აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.