Loading data...
ნატოს გენმდივანმა ტრამპი გააფრთხილა „საშინელი საფრთხის“ შესახებ, თუ უკრაინას აიძულებენ, რუსეთისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას მოაწეროს ხელი

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე „საშინელი საფრთხის“ შესახებ გააფრთხილა, თუკი უკრაინას აიძულებენ, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით. ამის შესახებ რუტემ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მოწინააღმდეგეებს შორის კავშირების გაღრმავება ამერიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დარჩეს ალიანსში და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

რუტემ ასევე უამბო ტრამპს რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებისა და ირანისთვის ნაღდი ფულის მიწოდების რისკების შესახებ.

„ირანი იღებს ფულს რუსეთისგან, მაგალითად, რაკეტების, ასევე, უპილოტო ტექნოლოგიის სანაცვლოდ. ეს ფული გამოიყენება „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ მხარდასაჭერად, ასევე, კონფლიქტის სამართავად რეგიონის გარეთ“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა „მომავალში შეიძლება სხვა რამე მოიფიქროს, თუ არ იქნება კარგი გარიგება (უკრაინისთვის)“, რითაც რუტემ პეკინის მიერ ტაივანის წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენებაზე მიანიშნა. 

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ სიტუაცია, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ირანი გაიხარებენ იმ შეთანხმების მიღწევით, რომელიც უკრაინას არ აწყობს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის უსაფრთხოებას არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენმდივანმა ასევე აღნიშნა უკრაინის სამხედრო გაძლიერების აუცილებლობა პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ როდესაც [ვოლოდიმირ] ზელენსკი გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, მას შეუძლია ამის გაკეთება ძალის პოზიციიდან. ჩემთვის ეს ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია“, - დასძინა რუტემ.