ნატოს გენმდივანმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პროცესს ოთხი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუტემ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დგას. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ პროცესს გერმანია, სლოვაკეთი, უნგრეთი და შეერთებული შტატები აფერხებენ.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი ამჟამად ომისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
„რადგან მე პრაქტიკული ადამიანი ვარ და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც პრაქტიკული ადამიანია, ჩვენ ნატოდან უნდა გადავსულიყავით იმის უზრუნველყოფაზე, რომ რუსები არ დაესხმებოდნენ თავს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის, ან, კიდევ უკეთესი, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. და სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ეს კონცეფცია განიხილება ახლა, რადგან არ მგონია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობის საკითხის კოლექტიურად მოგვარებას შევძლებთ“, - განმარტა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე გაიხსენა, რომ ალიანსმა პოლონეთში უკრაინასთან ერთობლივი ცენტრი - JTEC შექმნა, სადაც მოკავშირეები ომის წარმოებაში უკრაინის გამოცდილებას ითვალისწინებენ.
როგორც უკრაინული მედია European Pravda იტყობინება, გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა ალიანსს სრულად არ ენდობა.