Loading data...
ნატოს გენმდივანი: ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის, თუ არა მოლაპარაკებებისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, სურს, თუ არა თანამშრომლობა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტეს ჰკითხეს, ელის თუ არა ნატო პუტინისგან რაიმე დათმობას, თუ პირიქით, შემდგომ ესკალაციას.

„ცხადია, ადრე თუ გვიან პუტინს მოუწევს, გადაწყვიტოს, სურს, თუ არა თანამშრომლობა“, - უპასუხა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სიტუაცია წინ წასწია მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში პუტინთან პირდაპირი დიალოგი დაიწყო“.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის იყო ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო. თუმცა, საბოლოო ჯამში, კითხვა ისაა, სურს, თუ არა პუტინს თანამშრომლობა, ნამდვილად მზად არის, თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მან.

ამასთან, რუტეს თქმით, ნატომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინა ბრძოლაში მაქსიმალურად ძლიერი დარჩეს.

„სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა. რუსეთზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს უახლესი მონაცემები. რუსეთი ამჟამად თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 48%-ს ხარჯავს. ეს განსაცვიფრებელი ციფრებია. ამიტომ რუსეთის მიმართ გულუბრყვილოები არ შეგვიძლია ვიყოთ“, - დასძინა მან.