ნატოს გენმდივანი დონალდ ტრამპს შეხვდება, რათა მასთან უკრაინის საკითხი განიხილოს - მედია
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას აპირებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების სტრატეგია განიხილონ. ამის შესახებ ჰოლანდიური და ამერიკული მედიები იტყობინებიან.
ჰოლანდიური გაზეთი De Telegraaf იუწყება, რომ რუტე ფლორიდაში გაფრინდა და ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.
როგორც ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ს ანონიმურმა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რუტეს გზავნილი იქნება, რომ ტრამპისა და ევროპის ინტერესებშია „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთის აგრესიას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს უკრაინისთვის.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, რუტე შეეცდება, დაარწმუნოს ტრამპი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ცუდი შეთანხმება მას ისევე დააზარალებს, როგორც ევროპას.
„გაითვალისწინეთ, უკრაინის საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოთ, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ამან არ შეგაწუხოთ“, - ასე აღწერა გერმანელმა მაღალჩინოსანმა გზავნილი ტრამპისთვის.
ამასთან, რამდენიმე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ რუტე იქნება მთავარი ევროპელი მომლაპარაკებელი ტრამპთან.
ცნობისთვის, ნატოს გენმდივნის ტრამპთან შეხვედრის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უახლესი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.