Loading data...
ნატოს გენმდივანი აცხადებს, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპა აშშ-ის დახმარების გარეშე თავის დაცვას შეძლებს, მათ „ოცნება უნდა განაგრძონ“

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროკავშირი, ან მთლიანად ევროპა შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი თავის დაცვას შეძლებს, მაშინ მათ „ოცნება უნდა განაგრძონ“. რუტემ ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის კანონმდებლებს. 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ევროპის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად, 10%-მდე უნდა გაიზარდოს, მას ასევე მოუწევს საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენა და „მილიარდობითა და მილიარდობით ევროს“ დახარჯვა.

როგორც რუტემ აღნიშნა, ევროპას შეერთებული შტატები სჭირდება, ხოლო შეერთებულ შტატებს - ნატო. მან დასძინა, რომ აშშ-ის პრიორიტეტების შეცვლის მიუხედავად, „ევროპაში აშშ-ის ძალიან ძლიერი ყოფნა ყოველთვის იქნება“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი შემცირდა, რადგან ქვეყანას მათთან ეფექტურად გასამკლავებლად საკმარისი გამანადგურებლები არ აქვს.

რუტემ ევროპარლამენტარებს მოუწოდა, დაეხმარონ მას იმ ლიდერების დარწმუნებაში, რომლებსაც დიდი რაოდენობით გამანადგურებლები აქვთ (თუმცა ღია სხდომაზე მათი ვინაობა არ დაუსახელებია), რომ უკრაინას მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

„ეს დღითი დღე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავებაა და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიცავთ კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - დასძინა რუტემ.