ნატომ ესტონეთში რუსული ავიაგამანადგურებლების შეჭრის ინციდენტი განიხილა და გადამწყვეტი რეაგირების პირობა დადო

ჩრდილოატლანტიკური საბჭო 23 სექტემბერს ესტონეთის მოთხოვნით ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად შეიკრიბა, რათა განეხილა და მკაცრად დაეგმო რუსეთის მიერ 19 სექტემბერს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. შეხვედრის შემდეგ ნატოს პრესსამსახურმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება გაავრცელა.
ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა საბჭოს 19 სექტემბრის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ეს შეჭრა რუსეთის სულ უფრო უპასუხისმგებლო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია. ეს ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო მე-4 მუხლის ფარგლებში შეიკრიბა. 10 სექტემბერს საბჭომ კონსულტაციები გამართა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მასშტაბური დარღვევის საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, აღნიშნულია, რომ ნატოს რიგ ქვეყნებში, კერძოდ, ფინეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და რუმინეთში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა.
„რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე, რომლებიც კონფლიქტს ამწვავებს, სიტუაციის არასწორად შეფასების რისკს ქმნის და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი უნდა შეწყდეს“, - ხაზგასმულია განცხადებაში.
ნატომ პირობა დადო, რომ ალიანსის პასუხი „რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებზე გადამწყვეტი დარჩება“.
„რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ნატო და მისი წევრი ქვეყნები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებენ ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო საშუალებას, რათა დაიცვან თავი და შეაკავონ ყველა მხრიდან მომავალი ყველა საფრთხე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატომ ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არცერთი ქმედება არ გადააფიქრებინებს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისადმი მათ ურყევ ერთგულებას.
როგორც ცნობილია, რუსულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე ფინეთის ყურის თავზე დაარღვიეს და იქ სულ 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ისინი განდევნეს.