Loading data...
ნატო და სამხრეთ კორეა უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ „ფლაგმანურ პროექტს“ გეგმავენ - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ვაშინგტონში მომავალ სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერების ნატოს სამიტზე მოწვევა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ალიანსის პარტნიორობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ეს კი მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის დახმარებით აგრძელებს.

„ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ომს დრონებითა და ჭურვებით კვებავენ. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, აწვდის მიკროელექტრონიკასა და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელს. რაც უფრო ახლოს არიან ავტორიტარული მოთამაშეები ერთმანეთთან, მით უფრო მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მეგობრებთან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მომავალ სამიტზე ნატო, „ფლაგმანური პროექტების“ ფარგლებში, უკრაინის, კიბერსივრცისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ პრაქტიკულ თანამშრომლობას განავითარებს. ასევე, განიხილავს სამხრეთ კორეასთან თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობას.

„ფლაგმანური პროექტი“ ნაწილობრივ უკრაინელი ჯარისკაცების სამედიცინო განათლებას ეხება. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაფართოოთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა სამხრეთ კორეასთან“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.

მანამდე  სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს, რადგან რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდა. ამასთან, სეულმა განაცხადა, რომ მისაწოდებელი იარაღის მოცულობა რუსეთის ქმედებების შესაბამისად განისაზღვრება. 

შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.