Loading data...
ნატო ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანას გეგმავს - სტოლტენბერგი

ნატო რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე აწარმოებს მოლაპარაკებებს უფრო მეტი ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის შესახებ. როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, ნატომ თავისი ბირთვული არსენალი მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რათა მტრებს პირდაპირი სიგნალი გაუგზავნოს.

მისი თქმით, ნატოს წევრებს შორის პირდაპირი კონსულტაციები მიმდინარეობს საწყობიდან რაკეტების ამოღებასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანასთან დაკავშირებით.

„მე არ განვიხილავ ოპერატიულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული იარაღი უნდა იყოს მზადყოფნაში და რამდენი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ბირთვული გამჭვირვალობა ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.

„რა თქმა უნდა, ნატოს მიზანია სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ნატოს კი - არა, უფრო საშიშია“, - ხაზგასმით აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი თანამედროვე შეიარაღებაში განსაკუთრებით დიდ ინვესტიციებს დებს, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელიც, მისი თქმით, 2030 წლისთვის 1 000-მდე გაიზრდება.

„ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ნატო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი რამის წინაშე, რაც აქამდე არასდროს უნახავს, კერძოდ, ორი პოტენციური მოწინააღმდეგე ბირთვული ძალებით - ჩინეთი და რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს სავსეა შედეგებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მედიის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთი ბირთვული ძალები ნატოს გადასცეს, ხოლო სხვა ევროპელი მოკავშირეები იარაღს თავიანთ ტერიტორიაზე ინახავენ.

The Telegraph-ის თანახმად, მოქმედი ბირთვული იარაღის რაოდენობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ ბრიტანეთს, სავარაუდოდ, 225 იარაღიდან 40-მდე აქვს მზადყოფნაში ნებისმიერ დროს, აშშ-ს კი - 3 700-დან დაახლოებით 1 700.