Loading data...
ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს - ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტს. ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა სეულში განაცხადა, წერს Bloomberg-ი.

ბაუერის თქმით, უკრაინის მიმართ ფართო მხარდაჭერა არსებობს როგორც ამერიკელ ხალხში, ისე დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის.

„ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც ქვეყანამ, შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა. როგორც ყველამ ვიცით, პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებში იბრძვიან, ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც სულაც არ გახდება მათი მთავრობის პოლიტიკა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, - განაცხადა ნატოს ადმირალმა.

ბაუერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან ABC News-ზე გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ის ინტერესებშია. ყოფილმა პრეზიდენტმა არ უპასუხა მოდერატორის კითხვას, სურს თუ არა, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.  

„თუ რუსები ახლა შეწყვეტენ ომს და შინ დაბრუნდებიან, ომი დასრულდება. თუ უკრაინა ახლა ომს შეწყვეტს, ისინი დაკარგავენ თავიანთ ქვეყანას. ეს არის განსხვავება. ძალიან გამიკვირდება, თუ შეერთებული შტატები ამ ომში პუტინის გამარჯვებით იქნება დაინტერესებული“, - აღნიშნა ბაუერმა.