Loading data...
მზად ვართ, სანქციები დავაწესოთ - ბლინკენი ჩინეთს უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო ბოლოჯერ აფრთხილებს

თუ პეკინი მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის გამო შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ამას ვაშინგტონი გააკეთებს. შეერთებული შტატები ჩინეთისთვის სანქციების დასაწესებლად მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩინეთი ჩარხების, მიკროელექტრონული საშუალებების, ნიტროცელულოზის მთავარი მიმწოდებელია, რაც  საბრძოლო მასალების, სარაკეტო საწვავისა და სხვა საშუალებების წარმოებისთვის გადამწყვეტია. მათ მოსკოვი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაზრდელად იყენებს. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა უკრაინაზე შეტევის გაგრძელება“, - განაცხადა მან.

ბლინკენი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერის გამო, ჩინეთს სანქციების დაწესებით დაემუქრა.

„აშშ მზადაა, მიიღოს ახალი ზომები და უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი ვერ შეძლებს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას მაშინ, როცა ცივი ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უჭერს მხარს.