Loading data...
„მზად ვარ“ - ზელენსკიმ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის არჩევნები ჩაატაროს, თუმცა ჩატარება ორ ძირითად პირობაზეა დამოკიდებული - უსაფრთხოებასა და კანონმდებლობაში ცვლილებებზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარება მხოლოდ მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის პირობებშია შესაძლებელი.

„არჩევნების ჩასატარებლად ორი საკითხია - უსაფრთხოება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს თავდასხმებისა და რაკეტების დროს და მეორე - არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო ჩარჩო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს მიმართავს, რათა დაეხმარონ კენჭისყრის პირობების უზრუნველყოფაში.

„მე მზად ვარ არჩევნებისთვის. უფრო მეტიც, ვთხოვ აშშ-ს, ევროპელ კოლეგებთან ერთად, უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხოება. შემდეგ, 60-90 დღის განმავლობაში, უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა, ასევე, მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

„ხვალ ვიქნები უკრაინაში და მოველი წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისა და კანონმდებლებისგან, კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. რადგანაც ეს საკითხი წამოჭრილია აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მოკლედ ვიტყვი: მე მზად ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.