Loading data...
„მუშაობა ორი ფორმატით წარიმართა“ - უმეროვმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა

ჟენევაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის თქმით, ასევე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აშშ-ისა და შვეიცარიის მონაწილეობით.

„მუშაობა ორი ფორმატით წარიმართა: ცალკე შეხვედრა ამერიკულ მხარესთან და სამმხრივი შეხვედრა აშშ-ისა და შვეიცარიის მონაწილეობით. შეხვედრების შემდეგ დავით არახამიასთან და ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან - სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად ჩვენ ერთობლივი საუბარი გვქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებზე“, - დაწერა უმეროვმა Telegram-ზე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების პარამეტრების, ეკონომიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული პოზიციების საბოლოო შემუშავებაზე, რაც შემდგომი შეთანხმებების საფუძველი უნდა გახდეს. მიზანია, რომ აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მაქსიმალურად არსებითი იყოს“, - დასძინა უმეროვმა.

მან განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ ბლოკსა და უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან მექანიზმებზე.

„მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, კერძოდ, ალექსეი სობოლევთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ საფუძვლიანად შევიმუშავეთ დოკუმენტი უკრაინის აღდგენის შესახებ. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები უფრო დეტალურად გააგრძელებენ მუშაობას დოკუმენტზე, განსაკუთრებით სამომავლო აღდგენისა და საინვესტიციო გეგმის საკითხებზე“, - აღნიშნა უმეროვმა.