Loading data...
მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას, ომის შემდეგ ყირიმი რუსეთის ხელში დარჩება - ტრამპის მომავალი მრჩეველი

უკრაინაში ომი დიპლომატიური მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, მაგრამ არარეალურია იმის მოლოდინი, რომ რუსებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან განდევნიან. ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად ტრამპმა ორივე მხარესთან პირდაპირი კონტაქტები უნდა დაამყაროს, კერძოდ კი, კრემლთან. უოლცმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისთვის მზადება, რომელიც „მომდევნო თვეებშია“ დაგეგმილი, უკვე მიმდინარეობს. 

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონკრეტული ფორმატი, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. თუმცა ველოდები სატელეფონო საუბარს უახლოეს დღეებში, ან კვირებში. ასე რომ, ეს იქნება ნაბიჯი, რომლითაც შეგვიძლია, დავიწყოთ“, - აღნიშნა უოლცმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდებიან, რაც შესაძლოა, „ორივე მხრიდან წარმოუდგენლად პოზიტიური ნაბიჯი“ გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით.

„ყველამ იცის, რომ ეს [ომი] როგორმე დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს. არ მგონია, რეალისტური იყოს იმის თქმა, რომ ჩვენ ვაპირებთ ყველა რუსის გამოდევნას უკრაინის მიწის ყოველი სანტიმეტრიდან, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი. ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას“, - განაცხადა მან.

ამასთან, უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ მან არ მოიცვას მთელი მსოფლიო, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში მოხდა.