მსოფლიო რეკორდსმენი ალპინისტი ნირმალ პურჯა პაკისტანში ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლა
ცნობილი ბროუდი ალპინისტი ნირმალ პურჯა, იმ 10 ადამიანს შორისაა, რომლებიც პაკისტანში ბროუდ-პიკზე ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC მის კომპანიაზე დაყრდნობით წერს.
„ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით გიდასტურებთ, რომ 43 წლის პურჯა ხუთშაბათს მომხდარ ზვავში დაიღუპა“, - განაცხადა მისმა კომპანიამ Elite Expeditions.
დაღუპული ალპინისტის ძმამ კამალ პურჯამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყოველ დღე მოგვენატრები“.
ნირმალ პურჯა, რომელიც ნეპალში დაიბადა და მოგვიანებით ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მან 2019 წელს მსოფლიოს 14-ვე მწვერვალი რეკორდულ დროში, სულ რაღაც ექვს თვეზე ოდნავ მეტ პერიოდში დალაშქრა.
პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, მანამდე იმავე ექსპედიციის სამი წევრის ცხედარი უკვე ნაპოვნი იყო: ამერიკელი მალორი გეისი, ომანელი ნადირა აჰმედ აბდულა ალ ჰართი, ნეპალელი პურ ბაჰადურ გურუნგი.
პურჯას გარდაცვალება, ასევე, დაადასტურა ნეპალის პრემიერ-მინისტრმა ბალენდრა შაჰმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ექვსი ნეპალელი და ოთხი სხვა უცხოელი მთამსვლელის, მათ შორის მსოფლიო რეკორდსმენის ნირმალ პურჯას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ პაკისტანის ყარაქორუმის მთათა სისტემაში, ძალიან შეგვძრა“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: „ძალიან სამწუხაროა ნირმალ (ნიმს) პურჯასა და იმ ადამიანების გარდაცვალების ამბის გაგება, რომლებთან ერთადაც ის მთაზე გადაადგილდებოდა. ის შთამაგონებელი ადამიანი იყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებში და რომლის წარმოუდგენელი ალპინისტური მიღწევები კი მთელ მსოფლიოშია ცნობილი“.
სამაშველო ოპერაციებში ჩართული პაკისტანის ალპური კლუბის წარმომადგენელმა ნაილა კიანიმ BBC-ს განუცხადა, რომ პურჯამ მრავალი ექსპედიცია ჩაატარა, რომელშიც თავად მონაწილეობდა.