„მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღება უახლოეს დღეებში დაიწყება
„მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღების შესახებ შეთანხმება ჯერ არ შესრულება და ის უახლოეს დღეებში დაიწყება.
მას შემდეგ, რაც „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ განიარაღების გეგმის დამტკიცებით შეთანხმების პირველი 14-დღიანი ეტაპი ავტომატურად დაიწყო, მოგვიანებით მან ეს განცხადება შეასწორა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ ძალაში არ შესულა.
„მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ შეთანხმების ამოქმედება უახლოეს დღეებში მოხდება.
ოფიციალურმა პირებმა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირველი 14 დღის განმავლობაში მხარეებმა უნდა შეათანხმონ „ჰამასის“ სრული განიარაღების დეტალური გრაფიკი, რომელიც 200-დან 350 დღემდე პერიოდს მოიცავს.
თუმცა, როგორც მედია წერს, შეთანხმების დაწყების შეფერხება, შესაძლოა, ისრაელის წინააღმდეგობას უკავშირდებოდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ხუთშაბათის შემდეგ „ისრაელის მაღალი თანამდებობის პირის“ მიერ გაკეთებულ ორ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერუსალიმი არ ეთანხმება განიარაღების გეგმას და, შესაბამისად, ჯარების გაყვანასაც არ აპირებს.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში„ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე ახალი ავიაიერიშები განახორციელეს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ისრაელი ამ ეტაპზე არ აპირებს თანამშრომლობას. აღნიშნული გეგმის განხორციელება კი ღაზაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოითხოვს.