Loading data...
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინე მაჩადომ მიიღო

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინე მაჩადომ მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში პრემიას იმსახურებს, რადგანაც პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მან რამდენიმე ომი დაასრულა.

„ისინი არასოდეს მომცემენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას. მე მას ვიმსახურებ, მაგრამ მას არასოდეს მომცემენ“, - განაცხადა ტრამპმა 2025 წლის თებერვალში,

ექსპერტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღაზას სექტორში ომის დასრულების საკითხში, სადაც ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. მაგრამ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 9 ოქტომბერს გავრცელდა, ხოლო ნობელის კომიტეტის ბოლო სხდომა 2 დღით ადრე, 7 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ჯერ ცნობილი არ იყო.

ნობელის კომიტეტის მდივანმა, კრისტიან ბერგ ჰარპვიკენმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიას არ აძლევენ მიღწევებისთვის, რასაც კანდიდატებმა ბოლო მომენტში მიაღწიეს.

„წლევანდელი პრემია გაცემულია იმ საქმიანობისთვის, რაც 2024 წელს და წინა პერიოდში იყო ჩატარებული. პრემია არ მიენიჭება ბოლო თვეებში ან კვირებში ჩატარებული სამუშაოსთვის“, - განაცხადა ჰარპვიკენმა.