Loading data...
„მოვუწოდებთ ვარშავას, დაფიქრდეს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგებზე“ - ზახაროვამ გააკრიტიკა პოლონეთის გადაწყვეტილება ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გააკრიტიკა პოლონეთის გადაწყვეტილება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების „დასავლეთი - 2025“-ის ფონზე ბელარუსთან საზღვარზე ყველა საკონტროლო პუნქტის დახურვის შესახებ. ზახაროვას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანი პოლონეთის გადაწყვეტილებას „კონფრონტაციულ ნაბიჯებს“ უწოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს „ევროპის ცენტრში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის პოლიტიკის გამართლებას“.

ზახაროვამ დასძინა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დაკეტვა ზიანს მიაყენებს პოლონეთს და მის პარტნიორებს და ასევე, ძირს უთხრის „ძირითად ჰუმანიტარულ პრინციპებს“.

„მოვუწოდებთ ვარშავას, დაფიქრდეს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგებზე და რაც შეიძლება მალე გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ კვირაში ბელარუსთან საზღვარს დაკეტავს „დასავლეთ - 2025“-ის სამხედრო წვრთნების წინ, რომელიც 12 სექტემბერს დაიწყება.