„მოვუწოდებთ უკრაინას, შეწყვიტოს უნგრეთის ენერგომომარაგების მარშრუტებზე თავდასხმა“ - სიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
სიიარტოს თქმით, „უკრაინამ ღამით რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა“.
„ამჟამად უნგრეთი უკრაინის ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელია და ჩვენ გარეშე უკრაინის ენერგოუსაფრთხოება ძალიან არასტაბილური გახდება. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია უკრაინის მიერ „დრუჟბას“ მილსადენზე განხორციელებული ბოლო დარტყმა, რომელიც უნგრეთს ნედლი ნავთობით ამარაგებს და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - დაწერა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა უკრაინას, „არ შეუქმნას საფრთხე უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეწყვიტოს უნგრეთის ენერგომომარაგების მარშრუტებზე თავდასხმა ომში, რომელთანაც ჩვენ, უნგრელებს, არაფერი გვაქვს საერთო“.