მოსკოვში სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ
„აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი, მოსკოვში ჩავიდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ის კორესპონდენტი ვნუკოვოს აეროპორტიდან ავრცელებს.
აეროპორტში ამერიკელ მომლაპარაკებლებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვიტკოფი და კუშნერი რუსეთში მისასალმებელი სტუმრები არიან და მოსკოვი მათთან სიამოვნებით თანამშრომლობს.
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, რუსული მხარე საზოგადოებას ამერიკელ მომლაპარაკებლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.