Loading data...
მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებზე უკრაინულმა დრონებმა იერიშები განახორციელეს

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში მდებარე ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ჩეხოვის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

„ნოვოსიოლკის სამრეწველო ზონაში დრონის მოხვედრის შედეგად ხანძარი გაჩნდა. საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ასევე დაზიანებულია ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა. ადგილზე მეხანძრეები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამში“. მისივე ინფორმაციით, საჰაერო იერიში გრძელდება.

ტელეგრამ-არხი ASTRA იუწყება, რომ ჩეხოვში შეტევის სამიზნე შეიძლება Wildberries-ის საწყობი ყოფილიყო. უკრაინული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ ჩეხობში დრონებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

ლენინგრადის ოლქშიც დრონებით იერიში დასახლება კრასნი ბორის მახლობლად განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატები ამ რაიონში მდებარე, კომპანია Wildberries-ის საწყობს მოხვდა. შეტევის შემდეგ იქ ხანძარი გაჩნდა. საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე იერიში ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის დასახლება კსტოვში და სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელდა. კსტოვში „ლუკოილის“ ქარხანა მდებარეობს, რომელზეც იერიშები ადრეც განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3-4 აგვისტოს, ღამით 320 უკრაინული დრონი იყო განადგურებული. იერიშის გამო სანკტ-პეტერბურგის, იაროსლავლის, ნიჟნი ნოვგოროდის, მოსკოვის დომოდედოვოს და სხვა აეროპორტები დროებით არ მუშაობდა.