მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, რომელსაც მხარეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით მიაღწიეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისს უკრაინულმა დრონებმა ქვეყნის 17 რეგიონს, ასევე, ანექსირებულ ყირიმს შეუტიეს.
რუსული მხარის ცნობით, დრონებისა და არტილერიის გამოყენებით თავდასხმები განხორციელდა ადიღესა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, პერმის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, ასევე ტულის, კალუგის, სმოლენსკის, ორიოლის, მოსკოვის, ვორონეჟის, როსტოვის, რიაზანის, ლიპეცკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში. გარდა ამისა, დაიბომბა ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების პოზიციები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Telegram-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთის არმიამ „სარკისებურად უპასუხა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას“ და „საპასუხო დარტყმები განახორციელა“. ამ ინფორმაციის თანახმად, სხვა ობიექტებთან ერთად დარტყმები განხორციელდა სამეთაურო პუნქტებსა და დრონების გაშვების ადგილებზე.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად, სოფელ რაზუმნოეს უკრაინულმა დრონმა დაარტყა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ჩეჩნეთის ხელისუფლების განცხადებით, რეგიონს ხუთი დრონი დაესხა თავს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
ამასობაში კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ უცდია რუსეთში გამარჯვების დღის აღნიშვნის ჩაშლა. „მათ არაფერი უცდიათ, ყველაფერი კარგადაა“, - უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 9 მაისის შუაღამიდან 16:00 საათამდე რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 51 თავდასხმა განახორციელეს. ამავე ცნობით, რუსებმა სასაზღვრო რაიონებიც დაბომბეს. კერძოდ, სუმის ოლქში საჰაერო იერიშების ქვეშ მოექცა როგიზნოეს, ვოლფინოს, კორენეკის, ატინსკოეს, ულანოვოსა და კუჩეროვკას დასახლებების ტერიტორიები.
გარდა ამისა, დაბომბვები დაფიქსირდა ჩრდილოეთ სლობოჟანსკოესა და კურსკის, სამხრეთ სლობოჟანსკოეს, კუპიანსკის, ლიმანის, კრამატორსკის, კონსტანტინოვსკის, პოკროვსკის და გულიაიპოლეს მიმართულებით.
მანამდე დნეპროპეტროვსკის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 9 მაისის ღამეს რეგიონში რუსეთის დაბომბვებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. ჩერნიგოვის რეგიონში კიდევ ორი ადამიანი, მამა-შვილი, დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, იმავე ღამეს უკრაინის თავზე 34 რუსული დრონი ჩამოაგდეს. დღის განმავლობაში ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს კიდევ ერთი დრონი შენიშნეს.