მოსამართლემ დონალდ ტრამპის სასჯელის გამოცხადება მესამედ გადადო - BBC
ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასჯელის გამოცხადება გადაავადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიმდინარე წლის მაისში, ტრამპი თაღლითობის მუხლით ცნეს დამნაშავედ. სასჯელის გამოცხადება ორჯერ გადაიდო და 26 ნოემბერს იყო ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, მისი ადვოკატები განაჩენის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, ამის საფუძველი უნდა იყოს როგორც საპრეზიდენტო იმუნიტეტი, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრი ტრამპს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაში შეუშლის ხელს.
„მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, რომელიც ტრამპის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა, მოსამართლეს შესთავაზა ვარიანტი, რომ სასჯელის გამოცხადება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
BBC-ის ცნობით, მოსამართლემ პროცესი იქამდე შეაჩერა, სანამ ბრალდების და დაცვის მხარეების განცხადებებს არ მოისმენს. პროცესი 9 დეკემბერს არის ჩანიშნული.