„მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელი: ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ომი უნდა დავიწყოთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი უნდა დაიწყოს „როგორც კი ყველა პირობა ამის საშუალებას მისცემს“, - ამის შესახებ ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ ბარნეამ განაცხადა.
„აიათოლაჰის რეჟიმთან დიპლომატიური შეთანხმება ვერასდროს იქნება წარმატებული“, - განაცხადა მან იერუსალიმში, ELNET-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბარნეას თქმით, ირანის „ფუნდამენტური მიზანი“ ბირთვული იარაღის მოპოვებაა. მან ისრაელის სადაზვერვო სამსახური მიმდინარე წლის ივნისში დატოვა, მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ორმა სამხედრო კამპანიამ ჩაიარა.
მისი განცხადებით, ირანის ქცევის შესაცვლელად სანქციებისთვის დროის მიცემა ერთ-ერთი შესაძლო გზაა, თუმცა დასავლეთი თეირანის მხრიდან მოსალოდნელი „ხრიკებისთვვის“ მზად უნდა იყოს. ამასთან, ქვეყნებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, მზად არიან თუ არა „ხანგრძლივი და ქაოსური პერიოდისთვის“.
„ისტორიაში რთული გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა პოპულარული“, - განაცხადა ბარნეამ და დასძინა, რომ „ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტის წინაშე ვდგავართ“.
„ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ ამ რეჟიმის დასამხობად. თუ ამისთვის კიდევ ერთი ომის დაწყება გახდება საჭირო, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ“, - მოუწოდა ბარნეამ.
მისი თქმით, ომი უნდა დაიწყოს როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
ბარნეა აღიარებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას „დიდი უკმაყოფილება მოჰყვება და ანტისემიტიზმი კვლავ გამწვავდება“.
მისი განცხადებით, ჭეშმარიტი ლიდერობა „მომავალი თაობების საკეთილდღეოდ რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარით იზომება“.
ბარნეამ, ასევე, აღნიშნა, რომ ომს შესაძლოა თან ახლდეს არეულობა და ეკონომიკური ზიანი, თუმცა საბოლოო შედეგად „მთელი კაცობრიობისთვის გაცილებით უფრო სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიო“ უნდა მივიღოთ.