Loading data...
„მორიგი პროპაგანდისტული ოპერაცია“ - მელონი კრემლის მიერ იტალიის პრეზიდენტის ე.წ. „რუსოფობების“ სიაში შეყვანას გამოეხმაურა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას, ქვეყნის პრეზიდენტ სერხიო მატარელასა და სახელმწიფო ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლების ე.წ. „რუსოფობების“ სიაში შეყვანის შესახებ. შესაბამისი განცხადება იტალიის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა, იუწყება European Pravda.

როგორც მელონიმ აღნიშნა, იტალიამ მტკიცედ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამი წლის წინ რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი დამპყრობლური ომის წინაშე და აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის მიმართ „სიძულვილის გაღვივებაში“ ბრალდებული ე.წ. „რუსოფობების“ სიის გამოქვეყნება სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პროპაგანდისტული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას მოსკოვის სერიოზული პასუხისმგებლობებიდან, რომელთა შესახებაც საერთაშორისო საზოგადოება კარგად ინფორმირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მელონიმ სოლიდარობა გამოუცხადა პრეზიდენტ მატარელას, მინისტრებს ანტონიო ტაიანის და გვიდო კროსეტოს და ყველას, „ვინც ამ მიუღებელი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა“.

„რუსოფობების“ სიის გამოქვეყნების შემდეგ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა ოფიციალურად გაეპროტესტებინა პრეზიდენტ სერხიო მატარელას და სხვა მაღალი თანამდებობის იტალიელი ოფიციალური პირების სიაში შეყვანა.