Loading data...
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა მოქალაქეების პოზიციის გამო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოქალაქეების უმრავლესობა ჯერ არ უჭერს მხარს ასეთ გადაწყვეტილებას.

როდესაც მას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომისა და რეგიონში არასტაბილური ვითარების ფონზე მოლდოვას ნატოსთან დაახლოების შესაძლებლობებზე ჰკითხეს, პოპშოიმ უპასუხა, რომ ეს მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული.

„ნატოში გაწევრიანება, ისევე როგორც სხვა  საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, ჩვენი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული. ფართო მხარდაჭერის შემთხვევაში, ის შეიძლება სერიოზულ პერსპექტივად ჩაითვალოს და დღის წესრიგში დადგეს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი მხარდაჭერა არ ყოფილა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

მინისტრმა აღიარა, რომ ის ნატოს მხარდამჭერია. მან დასძინა, რომ საზოგადოებამ და მედიამ ეს თემა უფრო ხშირად უნდა წამოჭრას განსახილველად, რათა „მას ტაბუ მოეხსნას“.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვაში ბევრი ლიდერი თავს არიდებს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას მისი არაპოპულარობის გამო.

„ვაღიარებთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ამ თემას თავს არიდებენ. ჩემთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოებაა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური კიშინიოვში, ნატოს ცენტრში იყო. დოქტორის ხარისხი არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერ გარანტიას“, - ხაზგასმით აღნიშნა პოპშოიმ.

როგორც მედია წერს, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 54.5% არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 33.6% დადებითად აფასებს ამ იდეას.