Loading data...
მოლდოვის მთავრობამ დსთ-დან ქვეყნის გამოსვლას მხარი დაუჭირა და ახლა ამას პარლამენტის თანხმობა სჭირდება

მოლდოვის მთავრობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ქვეყნის გასვლას მხარი დაუჭირა. საუბარია 1993 წლის 22 იანვარს მინსკში ხელმოწერილი დსთ-ს წესდების და 1991 წლის 8 დეკემბერს დსთ-ს შექმნის შეთანხმების დენონსაციაზე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ახლა კანონპროექტი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უნდა განიხილოს, ხოლო მისი მხარდაჭერის შემთხვევაში დოკუმენტი უკვე პარლამენტში შევა. თუ დეპუტატები მას მხარს დაუჭერენ, მოლდოვა შესაბამის შეტყობინებას დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნის და 12 თვეში ამ ორგანიზაციაში მოლდოვის წევრობა შეწყდება.

როგორც რამდენიმე თვის წინ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმა განაცხადა, კიშინევმა უკვე მოახდინა დსთ-სთან ხელმოწერილი 71 შეთანხმების დენონსაცია და კიდე 60 შეთანხმება დენონსაციის პროცესშია. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა უარს არ იტყვის იმ ხელშეკრულებებზე, რასაც ეკონომიკური მოგება მოაქვს და რაც ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.