მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მოლდოვის პარლამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 სექტემბრიდან 60 დღის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყლის სექტორებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ გამოცემა Newsmaker იუწყება.
მთავრობის მიერ ინიცირებულ გადაწყვეტილებას 22 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა პარლამენტში ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი იყო იმ კომბინირებული რისკების გამო, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოლდოვაზე. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად არ განიცდის გაზის, ელექტროენერგიის, საწვავის, ან წყლის დეფიციტს, მაგრამ ხელისუფლებას დამატებითი ინსტრუმენტები სჭირდება, რათა სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სწრაფად ჩარევა შეძლოს.
რისკებს შორის მთავრობის მეთაურმა დაასახელა გაზისა და საწვავის ფასების ზრდა, დიზელის საწვავის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები, გვალვა და ჰიდროელექტროენერგიის წარმოების შემცირება, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რეგიონის ენერგოსისტემაში შექმნილი რთული ვითარება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი საგანგებო რეჟიმი, რომლის ვადაც 25 სექტემბერს იწურება, ხელისუფლებას არ აძლევს საკმარის ინსტრუმენტებს რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გამწვავებასთან გასამკლავებლად.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელს გახდის აღჭურვილობის უფრო სწრაფად შესყიდვას, გენერატორებისა და ენერგიის შენახვის სისტემების დამონტაჟებას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - რეგულირებისა და დაბეგვრის სფეროში ცალკეული წესების დროებით შეცვლას.