Loading data...
მოლდოვა თალიბანის დელეგაციის ვიზიტს ადასტურებს

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში იმყოფება ავღანეთის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია, რომელიც წარმოადგენს „თალიბანის“  მთავრობას. ამის შესახებ Newsmaker-ი იტყობინება. 

ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრის გამართვა არ იგეგმება. 

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დელეგაციის წევრებს მოლდოვაში შესასვლელი ვიზები კანონიერად ჰქონდათ მიღებული და მათზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

მოლდოვის საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტი ადგილობრივ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ დაიგეგმა. განხილვის მთავარი თემა ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობა იყო.

ამავდროულად, კიშინიოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა არ ცნობს „თალიბანის“ მთავრობას ავღანეთში.