Loading data...
მოლდაველი ფერმერები უკრაინისთვის შეღავათიანი ტრანზიტის დაწესების გამო საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

მოლდოვას ფერმერთა ასოციაცია „ფერმერების ძალა“ მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ხელისუფლება 21 აგვისტომდე არაფერს გააკეთებს უკრაინისთვის სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტზე დაწესებულ შეღავათთან დაკავშირებით. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. 

ასოციაცია „ფერმერების ძალა“-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ სლუსარიმ განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანს შეხვდა და ფერმერების პოზიციის შესახებ ესაუბრა.

„მსგავსი სიტუაცია უკვე გვქონდა 2022-2023 წლებში, როდესაც მეზობელი ქვეყნიდან პროდუქციის ცუდად ორგანიზებულმა ტრანზიტმა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი შეაფერხა. მოლდაველი ფერმერები იძულებულნი იყვნენ, თავიანთი პროდუქცია მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაეყიდათ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ექსპორტი ლოგისტიკური ან საბაჟო დაბრკოლებების გამო საფრთხეში აღმოჩნდეს“, - განაცხადა ასოციაცია „ფერმერების ძალა“-ს ხელმძღვანელმა.

ასოციაცია გეგმავს, 21 აგვისტოს დაელოდოს, ვიდრე ტოფანი მათთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და შემდეგ, თუ დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს ვერ დაინახავს, მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ცნობისთვის, აგვისტოს შუა რიცხვებში მოლდოვამ უკრაინასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 31 დეკემბრამდე უკრაინული ტვირთის სარკინიგზო ტრანზიტზე 50%-იანი შეღავათი მოქმედებს. ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად მიიღეს.