Loading data...
მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ თურქეთსა და ომანზე თავდასხმები ირანის, ან მისი მოკავშირე ძალების მიერ არ განხორციელებულა

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ სპარსული ახალი წლის დაწყებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართვა გამოაქვეყნა, რომელსაც მან „ეროვნული ერთიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების პირობებში წინააღმდეგობის ეკონომიკის“ წელი უწოდა.

სახელმწიფო ტელევიზიით მისი სახელით წაკითხულ ვრცელ განცხადებაში ხამენეიმ აღნიშნა, რომ თურქეთსა და ომანზე თავდასხმები ირანის, ან მისი მოკავშირე ძალების მიერ არ განხორციელებულა. მან ირანს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თეირანის ქუჩებში „ანონიმურად“ ტაქსით მოძრაობდა.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და ომანში - ორივე ქვეყანასთან, რომლებთანაც შესაბამისი ურთიერთობები გვაქვს - თავდასხმები არანაირად არ განხორციელებულა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ან წინააღმდეგობის ფრონტის სხვა რომელიმე ძალის მიერ. ეს სიონისტი მტრის ხრიკია, რომელიც იყენებს ცრუ დროშის ტაქტიკას ისლამურ რესპუბლიკასა და მის მეზობლებს შორის განხეთქილების შესაქმნელად და ეს შეიძლება სხვა ქვეყნებშიც მოხდეს“, - განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ ხამენეი 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რასაც მისი მამა და ოჯახის სხვა წევრები ემსხვერპლნენ, საჯაროდ არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების დროს თავად მოჯთაბაც დაშავდა.