მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ ისინი, ვინც არჩევნების შემდეგ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებას ელიან, „მწარედ ცდებიან“
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი, ვინც აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებას ელიან, „მწარედ ცდებიან“. ხამენეიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ მარცხი განიცადა.
„ისინი, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თუნდაც უმცირეს იმედს, რომ ჰეგემონური სისტემის ქცევა შესაძლოა, პარტიული, თუ ფრაქციული ცვლილებების შედეგად შეიცვალოს, ან ვისაც ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებთან დათმობებზე წასვლას შეუძლია ირანელი ერის მიმართ მისი მტრული დამოკიდებულება შეასუსტოს, მწარედ ცდებიან“, - აღნიშნა მან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.
ხამენეის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომი კიდევ უფრო გაფართოვდება, თუ შეერთებული შტატები ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმებს განაახლებს.
„თუ მსგავსი აგრესიული ქმედებები განმეორდება, მისი [ომის] მასშტაბი გაცილებით გაიზრდება“, - განაცხადა ხამენეიმ.