Loading data...
„მხარს ვუჭერთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც უკრაინას აძლიერებს“ - კალასი უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო მიწოდებაზე

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიყიდვაზე. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც უკრაინას აძლიერებს. ამის შესახებ კალასმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, კალასს ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს და ხელს შეუწყობს თუ არა ევროკავშირი ამერიკული „ტომაჰავკის“ რაკეტების უკრაინისთვის შესაძლო მიწოდებას, თუ ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ შეთანხმდება.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ინსტრუმენტს, რომელიც უკრაინას აძლიერებს და რუსეთს ასუსტებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

თავის მხრივ, სიბიგამ დასძინა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე არანაირი ტაბუ არ უნდა არსებობდეს.

„რუსეთის თავდასხმებზე ჩვენი პასუხები სარკისებური და შორ მანძილზე მოქმედი უნდა იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი წელს უკრაინას რეკორდული დონის სამხედრო მხარდაჭერას უწევს.

მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა რუსეთს უკვე წაართვა ასობით მილიარდი ევრო, რომელიც შეიძლებოდა, ომის დასაფინანსებლად გამოეყენებინათ. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა:

„მალე მივიღებთ ახალ ზომებს, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლებისკენ. რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ისედაც სუსტია და ჩვენ მას კიდევ უფრო დავასუსტებთ. ინფლაცია 20%-ს აჭარბებს, ფულადი რეზერვები მცირდება, ხოლო ზრდა ნულთან ახლოსაა. დრო, ალბათ, ოდესღაც რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ახლა ის უკრაინის მხარეს გადადის“.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს უკვე მობილიზებული აქვს 800 მილიონი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად ამ ზამთარს.

„ჩვენ ვმუშაობთ დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფაზე გენერატორებისთვის, თავშესაფრებისა და ცივი ამინდის აღჭურვილობისთვის“, - დასძინა კალასმა.

ამავდროულად, მან გამოაცხადა პირველი 10 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი დამატებით 6 მილიონს გამოყოფს დეპორტირებული ბავშვებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდასაჭერად.