Loading data...
მინეაპოლისის აეროპორტთან გზის გადაკეტვისთვის სამართალდამცველებმა ათობით სასულიერო პირი დააკავეს, რომლებიც სავალ გზაზე ლოცულობდნენ

ათასობით დემონსტრანტმა, ძლიერი ყინვის მიუხედავად, მინეაპოლისის ქუჩებში მსვლელობა გამართა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა.

ორგანიზატორთა თქმით, მინუს 20-გრადუსიან ყინვაში, ქუჩებში 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. მოგვიანებით, ბევრი დემონსტრანტი შეიკრიბა სპორტულ არენაში Target Center-ში, რომელიც 20 000 მაყურებელს იტევს და ნახევარზე მეტად იყო შევსებული.

მინეაპოლისის აეროპორტთან გზის გადაკეტვისთვის კი, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ათობით სასულიერო პირი დააკავეს, რომლებიც სავალ გზაზე დაჩოქილი ლოცულობდნენ და ასე აპროტესტებდნენ ქალაქში საიმიგრაციო ოფიცრების განთავსებას. მათთან ერთად, გასაპროტესტებლად გამოვიდა ასობით მოქალაქე.

მინესოტის შტატში დღეს მრავალი სავაჭრო ობიექტი და ბიზნესი დაკეტილია. მაღაზიების მფლობელები საყოველთაო გაფიცვას აწყობენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი მოითხოვენ, დადგეს იმ საიმიგრაციო ოფიცერთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ცეცხლი გაუხსნა და საკუთარ ავტომობილში მოკლა ერთ-ერთი მოქალაქე რენე გუდი.