Loading data...
მიგრანტების ნაკადის გამო ესპანეთი ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ჯარებს გაგზავნის

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე, ესპანეთის ავტონომიური ქალაქ სეუტაში არმიის დანაყოფებს განალაგებს მას შემდეგ, რაც ასობით მიგრანტმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.

30 ივლისის საღამოს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეუტაში შეიარაღებული ძალების 60 წევრი და სამოქალაქო გვარდიის დამატებით 30 ოფიცერი გაიგზავნება.

„შეიარაღებული ძალები მხარს დაუჭერენ სამოქალაქო გვარდიას მისი უფლებამოსილებების განხორციელებასა და ნებისმიერ სხვა ქმედებაში, რომელიც შეიძლება, საჭირო გახდეს ქალაქ სეუტას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სამინისტრომ.

მანამდე სეუტას რეგიონულმა პრეზიდენტმა ხუან ხესუს ვივასმა მადრიდს მოუწოდა, ეროვნულ დონეზე გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და აეღო კონტროლი ავტონომიურ ქალაქში არსებულ ვითარებაზე. მან ოფიციალური მადრიდი გააფრთხილა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მიგრანტების უკონტროლო ნაკადს ვერ უმკლავდება. 

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამორიცხა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და აღნიშნა, რომ სამოქალაქო დაცვის რეგულაციები მიგრაციულ ნაკადებს რისკად არ აფასებდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ წესრიგის აღსადგენად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჯარების განლაგების შესახებ განაცხადა.

ბოლო კვირის განმავლობაში მაროკოდან ზღვით ქალაქ სეუტაში 1500 მიგრანტი შევიდა.